1. ტარიფები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოეი ახდევინებენ მეორე ხელშემკვრელი მლხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან გადაზიდვისათვის, გონივრულ დონეზე უნდა დადგინდეს ყველა შესაბამისი ფაქტორის, მათ შორის საექსპლუატაციო ხარჯების, გონივრული მოგების, სხვა ავიასაწარმოთა გადაზიდვის პირობებისა და ტარიფების გათვალისწინებით. მხარეები მიუღებლად მიიჩნევენ ტარიფებს, რომლებიც გაუმართლებლად მაღალია ან შემზღუდავია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო, აგრეთვე ავიასაწარმოების იმ ფასებისაგან დაცვის მიზნით, რომლებიც ხელოვნურადაა შემცირებული პირდაპირი ან ირიბი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის ხარჯზე დისკრიმინაციული ფასებისა და პრაქტიკის თავიდან აცილების, მომხმარებელთა დაცვის მიზნით.
2. მოცემული მუხლის 1 პუნქტში მითითებული ტარიფები უნდა შეათანხმონ ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმოებმა, და ასეთი შეთანხმება შეძლებისდაგვარად უნდა მიიღწეოდეს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ტარიფების დადგენის მექანიზმის გამოყენებით.
3. ამგვარად შეთანხმებული ტარიფები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთ არა უგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) დღით ადრე მათი ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღამდე. საგანგებო შემთხვევებში ეს თარიღი შეიძლება შემცირდეს აღნიშნულ ხელისუფალთა შეთანხმებით.
4. გამოყენებაზე თანხმობა შეიძლება გაიცეს კონკრეტული პასუხის გზით. თუ შესაბამისი საავიაციო ხელისუფალნი მოცემული მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად ტარიფების წარდგენის თარიღიდან 30(ოცდაათი) დღის განმავლობაში არ განაცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან მათ, ეს ტარიფები დამტკიცებულად მიიჩნევა. თუ 3 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პერიოდი მცირდება, საავიაციო ხელისუფალნი შეიძლება შეთანხმდნენ იმაზე, რომ თანხმობაზე უარის შეტყობინების ვადა 30 (ოცდაათი) დღეზე ნაკლები იყოს.
5. თუ დასამტკიცებლად წარდგენილი ტარიფი არ იქნა მოცემული მუხლის 2 პუნქტის დებულებებით შეთანხმებული, ან თუ მოცემული მუხლის 4 პუნქტში მითითებული პერიოდის განმავლობაში ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალნი მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთ შეატყობინებენ, რომ არ ეთანხმებიან მოცემული მუხლის 2 პუნქტის დებულებების შესაბამისად შეთანხმებულ რომელიმე ტარიფს, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთ უნდა სცადონ ასეთი ტარიფი ურთიერთშეთანხმებით დაადგინონ.
6. თუ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალნი ვერ შეთანხმდებიან მოცემული მუხლის 3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ნებისმიერ ტარიფზე, ან მოცემული მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი ტარიფის განსაზღვრაზე, უთანხმოება უნდა მოგვარდეს წინამდებარე შეთანხმების 18 მუხლის დებულებების შესაბამისად.
7. მოცემული მუხლის დებულებების შესაბამისად დადგენილი ტარიფი ძალაში რჩება მანამ, სანამ ახალი ტარიფი არ დამტკიცდება. მიუხედავად ამისა, ტარიფის გამოყენება მოცემული პუნქტის ზემოქმედებით ვერ გაგრძელდება იმ თარიღიდან 12 (თორმეტ) თვეზე მეტი ხნით, რომლიდანაც იგი ძალადაკარგულად ითვლება.
8. ყოველი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალნი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა დანიშნული ავიასაწარმოები იცავდნენ ამ ხელისუფალთა მიერ დამტკიცებულ შეთანხმებულ ტარიფებს