1. აეროდრომის პროგნოზებს ადგენს მეტეოროლოგიური ორგანო, რომელიც ლიცენზირებულია არსებული წესის შესაბამისად.
2. აეროდრომის პროგნოზი გამოიშვება დანიშნულ დროს და შედგება მოკლე შეტყობინებისაგან მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ აეროდრომის რაიონში დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
3. აეროდრომის პროგნოზები და მათი კორექტივები გამოიშვება დამატება 3-ში წარმოდგენილი მაგალითების შესაბამისად, გადაიცემა კოდური ფორმით TAF და მოიცავს შემდეგ ინფორმაციას აღნიშნული თანმიმდევრობით:
ა) კოდური დასახელება TAF /TAF AMD;
ბ) ადგილმდებარეობის ნიშანი;
გ) პროგნოზის გამოშვების თარიღი და დრო;
დ) თარიღი და პროგნოზის მოქმედების პერიოდი;
ე) მიწისპირა ქარი;
ვ) ხილვადობა;
ზ) ამინდი;
თ) ღრუბლები; და
ი) მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებები ერთი ან რამდენიმე ზემოთ მოყვანილი ელემენტისა პროგნოზის მოქმედების პერიოდში.
აეროდრომის პროგნოზებში დამატებითი ელემენტები ჩაირთვებიან სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად.
4. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოები, რომლებიც ადგენენ აეროდრომის პროგნოზებს ახორციელებენ პროგნოზების მუდმივ კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, სწრაფად შეაქვთ მათში შესაბამისი კორექტივები. პროგნოზების ტექსტის სიგრძე და მათში მითითებული ცვლილებების რაოდენობა დაიყვანება მინინუმამდე.
5. აეროდრომის პროგნოზში ცვლილების ჯგუფის ჩართვის ან კორექტივების შეტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) პროგნოზის მიხედვით მიწისპირა ქარის ცვლილება გადააჭარბებს საექსპლუატაციოდ საყურადღებო მნიშვნელობებს; ზღვრული მნიშვნელობები უნდა დადგინდეს სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ საჰაერო მოძრაობის ორგანოს შესაბამის სრულუფლებიან ორგანოსთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციის შედეგად, ქარის ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც:
ა. ა) მოითხოვენ გამოყენებული ადზ-ის შეცვლას;
ა. ბ) მოწმობენ იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილება ადზ-ზე გადააჭარბებენ მნიშვნელობებს, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპიური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ასრულებენ ფრენებს მოცემულ აეროდრომზე;
ბ) პროგნოზის მიხედვით ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან პროგნოზის მიხედვით ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე:
ბ. ა) 150, 350, 600, 800, 1500 ან 3000 მ;
ბ. ბ) 5000 მ-ზე ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიზუალური ფრენის წესებით შესრულების შემთხვევაში.
გ) პროგნოზებით გათვალისწინებულია დაწყება ან დამთავრება, ან ინტენსივობის ცვლილება ნებისმიერი შემდეგი მოვლენისა ან მათი ერთობლიობისა:
გ ა) ყინულოვანი ნალექები;
გ ბ) ყინულოვანი ნისლი;
გ.გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათლით);
გ.დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;
გ.ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის ქარბუქი ან საერთო ქარბუქი (ქარბუქის ჩათვლით);
გ.ვ) მტვრიანი ქარიშხალი;
გ.ზ) ქვიშიანი ქარიშხალი;
გ.თ) ჭექა-ქუხილი (ნალექით ან უნალექოდ);
გ.ი) ქარტეხილი;
გ.კ) ძაბრისმაგვარი ღრუბელი (ტორნადო ან ქარბორბალა);
გ.ლ) ამინდის სხვა მოვლენები, რომლებიც მითითებულია IV თავის მე-15 მუხლში, მაგრამ თუ მოსალოდნელია, რომ ისინი გამოიწვევენ ხილვადობის მნიშვნელოვან ცვლილებას;
დ) პროგნოზის შესაბამისად BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა ფენის ან მასივის ქვედა საზღვრის სიმაღლე მოიმატებს და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან პროგნოზის შესაბამისად BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა ფენის ან მასივის ქვედა საზღვრის სიმაღლე შემცირდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე:
დ. ა) 30, 60, 150 ან 300 მ(100, 200, 500 ან 1000 ფუტი) ან
დ. ბ) 450 მ (1500 ფუტი) – ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიზუალური ფრენის წესებით შესრულების შემთხვევაში;
ე) პროგნოზის მიხედვით ღრუბელთა ფენის ან მასივის რაოდენობა 450 მ-ზე (1500 ფუტი) დაბლა შეიცვლება:
ე.ა) SKC , FEW ან SCT-დან BKN ან OVC-მდე; და
ე.ბ) BKN ან OVC-დან SKC, FEW ან SCT-მდე;
ვ) პროგნოზით მოსალოდნელია გროვა-საწვიმარი ღრუბლების განვითარება ან გაფანტვა;
ზ) პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30, 60, 150 ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი);
თ) ნებისმიერი სხვა კრიტერიუმები, რომლებიც ემყარება მოცემული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმებს და შეთანხმებულია აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებს შორის.
6. აეროდრომის რეგულარული პროგნოზის მოქმედების პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9 და არა უმეტეს 24 საათისა; ეს პერიოდი უნდა განისაზღვროს სააერონავიგაციო შეთანხმების მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედების პერიოდი შეიძლება დაიყოს. VI თავის 26-ე მუხლის მეთერთმეტე პუნქტის შესაბამისად 12 საათზე ნაკლები პერიოდის აეროდრომის რეგულარული პროგნოზები გამოშვებული უნდა იქნეს ყოველ 3 საათში, ხოლო 12-დან 24-საათამდე პერიოდის ყოველ 6 საათში.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია VI თავის 27-ე მუხლის მეორე პუნქტში მოცემული ნებისმიერი ელემენტის ცვლილების მითითება, VI თავის 26-ე მუხლის მეხუთე პუნქტის კრიტერიუმების შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს ცვლილების ინდექსი «BECMG» ან «TEMPO», რომელთა შემდეგ მოდის დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ცვლილება. პერიოდის დაწყება და დამთავრება მიეთითება სკდ-ს (UTC) მთელ საათებში. ცვლილების ინდექსის შემდეგ ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ ის ელემენტები, რომელთა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც არის მოსალოდნელი. მაგრამ ღრუბლების მოსალოდნელი ცვლილების შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს ღრუბლების ყველა ჯგუფი, ღრუბლების იმ ფენებისა და მასივების ჩათვლით, რომელთა ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
8. ცვლილების ინდექსი «BECMG» და დროის პერიოდის შესაბამისი ჯგუფი გამოყენებული უნდა იქნეს ცვლილებების აღწერისათვის, რომელთა შედეგად მოსალოდნელია, რომ მეტეოროლოგიური პირობები მიაღწევენ ან გადააჭარბებენ დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ცვლილების მუდმივი ან ცვალებადი სიჩქარით და გაურკვეველ მომენტში მოცემული პერიოდის განმავლობაში. დროის პერიოდი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აჭარბებდეს 4 საათს.
9. ცვლილების ინდექსი «TEMPO» და დროის შესაბამისი ჯგუფი გამოყენებული უნდა იქნეს მეტეოროლოგიური პირობების დროში ხშირი ან არახშირი ცვლილებების დროს, რომლებიც აღწევენ ან აჭარბებენ დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გრძელდებიან 1 საათზე ნაკლები, მთლიანობაში კი – პროგნოზის პერიოდის ნახევარზე ნაკლები დროისა, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ცვლილებები. იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია, რომ დროში ცვლილებების ხანგრძლივობა იქნება 1 საათი ან მეტი, მაშინ VI თავის 26-ე მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად გამოყენებული უნდა იქნეს ცვლილების ჯგუფი «BECMG» ან VI თავის 26-ე მუხლის მეთერთმეტე პუნქტის შესაბამისად დაიყოს მოქმედების პერიოდი.
10. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაიცეს პროგნოზირებული ელემენტების ალტერნატიული მნიშვნელობების ალბათობა, რისთვისაც გამოიყენება შემოკლება «PROB» ალბათობის ათეულ პროცენტებში და დროის პერიოდის მითითებით, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ალტერნატიული მნიშვნელობები. ინფორმაცია ალბათობაზე ჩართული უნდა იქნეს პროგნოზირებული ელემენტების შემდეგ, რასაც მოსდევს ელემენტის ალტერნატიული მნიშვნელობა. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაიცეს მეტეოროლოგიური პირობების დროითი ცვლილებების პროგნოზის ალბათობა, რისთვისაც გამოიყენება შემოკლება «PROB», რის შემდეგ მოდის ალბათობა ათეულ პროცენტებში, რომელიც ჩაირთვება ცვლილების ინდექსის «TEMPO»-ს წინ შესაბამისი დროის ჯგუფით. ალტერნატიული მნიშვნელობის ან ცვლილების ალბათობა 30 %-ზე ნაკლები ითვლება უმნიშვნელოდ და იგი არ უნდა იქნეს მითითებული. ავიაციის შემთხვევაში ალტერნატიული მნიშვნელობის ან ცვლილების ალბათობა 50% და მეტი არ შეიძლება ჩაითვალოს ალბათობად და მის მაგიერ, აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია მითითებულ უნდა იქნეს ცვლილების ინდექსის «BECMG» და «TEMPO»-ს გამოყენებით, ან მოქმედების პერიოდის დაყოფით შემოკლება «FM» -ის ჩართვით. ალბათობის ჯგუფი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს განმსაზღვრული ელემენტის სახით ცვლილების ინდექსისათვის «BECMG» ან დროის ინდექსისათვის «FM».
11. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი და მეტნაკლებად მთლიანი ცვლილება ამინდის ერთი ან პრევალირებული ჯგუფისა მეორეთი, მოქმედების პერიოდი დაყოფილი უნდა იქნეს დამოუკიდებელ პერიოდებად, შემოკლება «FM»-ის გამოყენებით, რის შემდეგ მოდის დროის ოთხციფრიანი ჯგუფი მთელ საათებსა და წუთებში (სკდ), რომელიც მიუთითებს მოსალოდნელი ცვლილების ვადას. შემოკლება «FM»-ის შემდეგ გამოყოფილი პერიოდი უნდა წარმოადგენდეს დამოუკიდებელ ელემენტს, და ამ შემოკლების შემდეგ მითითებული პირობები ცვლიან ყველა პროგნოზირებულ პირობებს, რომლებიც წინ უსწრებენ ამ შემოკლებას.
12. მიწისპირა ქარის პროგნოზებში მითითებული უნდა იყოს ქარის პრევალირებული მიმართულება. იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია პროგნოზირება მიწისპირა ქარის პრევალირებული მიმართულებისა, მისი მოსალოდნელი ცვლილების გამო, მაგალითად, სუსტი ქარის პირობებში (2 მ/წმ ან ნაკლები) ან ჭექა-ქუხილის დროს, ქარის პროგნოზირებული მიმართულება მითითებული უნდა იქნეს, როგორც ცვალებადი შემოკლება «VRB»-ის გამოყენებით. თუ პროგნოზირებული ქარი 2 მ/წმ-ზე ნაკლებია, მაშინ პროგნოზში უნდა მიეთითოს უქარობა. თუ პროგნოზირებული ქარი შეადგენს 50 მ/წმ-ს ან მეტს, მაშინ იგი მიეთითება, როგორც 50 მ/წმ.
13. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზის მიხედვით ხილვადობა შეადგენს 800 მ-ზე ნაკლებს, იგი გამოსახული უნდა იქნეს 50 მ-ის ჯერად სიდიდეებში; თუ ხილვადობა შეადგენს 800 მ-ს და მეტს, მაგრამ 5 კმ-ზე ნაკლებს – 100 მ-ის ჯერად სიდიდეებში; 5 კმ და მეტი ხილვადობის დროს, მაგრამ 10 კმ-ზე ნაკლები – 1 კმ-ის ჯერად სიდიდეებში; 10 კმ-ის და მეტი ხილვადობის დროს, იგი მითითებული უნდა იქნეს როგორც 10 კმ, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც პროგნოზირებულია CAVOK. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება ხილვადობის ცვლილება სხვადასხვა მიმართულებით, უნდა მიეთითოს მინიმალური პროგნოზირებული ხილვადობა.
14. პროგნოზში ჩართული უნდა იქნეს აეროდრომზე მოსალოდნელი შემდეგი ამინდის მოვლენები ან მოვლენათა ერთობლიობა, მათი მახასიათებლები და აუცილებლობის შემთხვევაში ინტენსივობაც:
ა) ყინულოვანი ნალექები;
ბ) ყინულოვანი ნისლი;
გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);
დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;
ე) მტვრის ქვემო ქარბუქი, ქვიშის ქვემო ქარბუქი ან საერთო ქარბუქი (ქარბუქის ჩათვლით);
ვ) მტვრიანი ქარიშხალი;
ზ) ქვიშიანი ქარიშხალი;
თ) ჭექა-ქუხილი (ნალექებით ან უნალექოდ);
ი) ქარტეხილი;
კ) ძაბრისმაგვარი ღრუბელი (ტორნადო ან ქარბორბალა);
ლ) სხვა ამინდის მოვლენები, რომლებიც მითითებულია IV თავის მე-15 მუხლის მეოთხე პუნქტში, მხოლოდ თუ მოსალოდნელია, რომ ისინი გამოიწვევენ ხილვადობის მნიშვნელოვან ცვლილებას.
ამ მოვლენების მოსალოდნელი შეწყვეტა მითითებული უნდა იქნეს შემოკლება «NSW»-ის გამოყენებით.
15. პროგნოზებში ღრუბლების რაოდენობა მითითებულ უნდა იქნეს შემდეგი შემოკლებების გამოყენებით: «FEW», «SCT», «BKN» ან «OVC». თუ პროგნოზში მითითებულია ღრუბლების არარსებობაზე და შემოკლება «CAVOK» მიუღებელია, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს შემოკლება «SKC». იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ცის თაღი დარჩება დაბინდული ან დაიბინდება და ღრუბლების პროგნოზირება შეუძლებელია, აგრეთვე აეროდრომზე არსებობს მონაცემები ვერტიკალური ხილვადობის შესახებ, მაშინ პროგნოზში მითითებული უნდა იქნეს ვერტიკალური ხილვადობა «VV»-ს სახით რომლის შემდეგ მოდის პროგნოზირებული მნიშვნელობა და გამოყენებული საზომი ერთეული. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირდება ღრუბლების რამდენიმე ფენა ან მასივი, მაშინ ღრუბლების რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლე მითითებული უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ყველაზე დაბალი ფენა ან მასივი, მიუხედავად რაოდენობისა, პროგნოზირდება როგორც «FEW», «SCT», «BKN» ან «OVC»;
ბ) შემდეგი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 2/8-ზე მეტს, პროგნოზირდება როგორც «SCT», «BKN» ან «OVC»;
გ) შემდეგი უფრო მაღალი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 4/8-ზე მეტს, პროგნოზირდება როგორც «BKN» ან «OVC»; და
დ) გროვა – საწვიმარი ღრუბლები, როდესაც ისინი გათვალისწინებული არ არის ა) – გ) ქვემუხლების ინფორმაციაში. ინფორმაცია ღრუბლების შესახებ უნდა შემოიზღუდოს ცნობებით ღრუბლებზე, რომლებსაც აქვთ არსებითი მნიშვნელობა საექსპლუატაციო თვალსაზრისით, ე. ი ღრუბლებით 1500 მ-ზე (5000 ფუტი) დაბლა ან სექტორში ყველაზე დაბალ მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეზე დაბლა, იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი მეტია, აგრეთვე მონაცემებით გროვა-საწვიმარი ღრუბლების შესახებ. აღნიშნული შეზღუდვის გამოყენების დროს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ არის გროვა- საწვიმარი ღრუბლები და არ არის ღრუბლები 1500 მ-ზე (5000 ფუტი) დაბლა ან სექტორში ყველაზე დაბალ მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეზე დაბლა, იმის მიხედვით, თუ პროგნოზში რომლის მნიშვნელობა მეტია, და როცა შემოკლება «CAVOK» და «SKC» არ გამოდგება, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს შემოკლება «NSC».
16. იმ შემთხვევაში, თუ სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად ჩაირთვება პროგნოზირებული ტემპერატურა, მაშინ მითითებული უნდა იქნეს მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურები, რომლებიც მოსალოდნელია აეროდრომზე პროგნოზების მოქმედების პერიოდში, აგრეთვე შესაბამისად მათი დადგომის დრო.
17. აეროდრომის პროგნოზები კოდური ფორმით TAF და მათი კორექტივები ეგზავნებათ მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს OPMET-ს და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერონავიგაციო შეთანხმებით დანიშნული არიან მონაცემთა გავრცელების თანამგზავრული სისტემების საექსპლუატაციოდ ფიქსირებული სამსახურის ჩარჩოებში, რეგიონალური სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 26. აეროდრომის პროგნოზები
თავი VI — პროგნოზები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 30 %
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. დაკვირვებები სხვა მოვლენებზე და შეტყობინებები
- მუხლი 20. შეტყობინებების შინაარსი
- მუხლი 21. დაკვირვებები ვულკანურ მოქმედებებზე და შეტყობინებები
- მუხლი 23. დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან და მათი გადაცემა
- მუხლი 24. საჰაერო ხომალდებიდან შეტყობინებების შინაარსი
- მუხლი 25. პროგნოზების ინტერპრეტაცია და გამოყენება
- მუხლი 27. პროგნოზები დაფრენისათვის
- მუხლი 28. პროგნოზები მარშრუტზე
- მუხლი 29. პროგნოზები აფრენისათვის
- მუხლი 30. ინფორმაცია SIGMET
- მუხლი 31. SIGMET-ის შეტყობინების ფორმატი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-26/