„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: www.matsne.gov.ge, 04/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010030000.05.001.017899) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისათვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. 3. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობისათვის მიკუთვნებული პირის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას.“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. საქართველოს მოქალაქის უფლება, ოფიციალური დოკუმენტი და ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე მიიღოს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, მოითხოვოს და კანონით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია და ოფიციალური დოკუმენტი სახელმწიფო ენაზე, გარდა იმ დოკუმენტის ასლისა, რომელიც დედნის ენაზე გაიცემა.“. 4. მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის, ოფიციალური საქმისწარმოებისა და სამართალწარმოების ენა“. 5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების ოფიციალური საქმისწარმოების ენა 1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ოფიციალურ საქმისწარმოებას ახორციელებენ სახელმწიფო ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის ურთიერთობა და მიმოწერა სახელმწიფო ენაზე ხორციელდება. 3. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს იღებენ, განიხილავენ და პასუხს სცემენ სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 4. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილი არიან, დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისათვის მიკუთვნებული პირის მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოში ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.“. 6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტის ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს აქვს.“. 7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ბეჭდის, შტამპის, შტემპელის, ბლანკის ტექსტის ენა სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო ბეჭდის, შტამპის, შტემპელის, ბლანკის ტექსტს სახელმწიფო ენაზე ადგენს. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტექსტი შეიძლება ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზედაც მიეთითოს.“. 8. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. კონკურსისა და ატესტაციის ენა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ კონკურსსა და ატესტაციას ატარებენ და მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ადგენენ სახელმწიფო ენაზე.“. 9. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს ოფიციალური ღონისძიება ტარდება სახელმწიფო ენაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ ოფიციალურ ღონისძიებაზე გამომსვლელი არასახელმწიფო ენას იყენებს, მისი გამოსვლა სახელმწიფო ენაზე ითარგმნება. 2. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, ადგილობრივი მნიშვნელობის ოფიციალური ღონისძიება (გარდა მუნიციპალიტეტის ორგანოს სხდომისა) შეიძლება ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე ჩატარდეს.“. 10. 23-ე მუხლის ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს სახელწოდების ენა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს ოფიციალური სახელწოდება იქმნება და გამოიყენება სახელმწიფო ენაზე. ეს სახელწოდება სახელმწიფო ენასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთ არასახელმწიფო ენაზედაც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.“. 11. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომპიუტერული (ელექტრონული) ტექნიკა, რომელსაც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები იყენებენ, ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს.“. 12. 35-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუნიციპალიტეტის ორგანოები;“. 13. 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აძლევს რეკომენდაციებს ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად;“. 14. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა მათდამი დაქვემდებარებულ სფეროში სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდგომში - ორგანული კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, კანონში არსებული ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ შეცვლა. ვინაიდან, კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, და ადმინისტრაციული ცენტრი, გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ხოლო, ადგილობრივი თვითმმართველობა კი წარმოადგენს მოქალაქეთა უფლებას მათ მიერ არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. შესაბამისად, მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება კანონში და შესაბამის ნორმებში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ჩანაცვლდეს ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც ორგანული კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ასევე, კანონპროექტით დაკორექტირდა მე-19 მუხლი, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კონკურსსა და ატესტაციას“ - იცვლება შემდეგი ფორმულირებით - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ კონკურსსა და ატესტაციას ატარებენ“. იმის გათვალისწინებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ამავე კანონით ძალადაკარგულად გამოცხადებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1997 წლის 31 ოქტომბრის №1020 კანონისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს საჯარო მოსამსახურის ატესტაციის ჩატარებას, თუმცა მისი ჩატარების ვალდებულება სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითაა განსაზღვრული, შესაბამისად არსებული რედაქცია ტერმინოლოგიურად მოვიდა შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.