„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 1998 წელი, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ბ“ - „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) „წარმომადგენლობითი ორგანო“ − საქართველოს პარლამენტი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო; გ) „აღმასრულებელი ორგანო“ − საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ამ წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პირის ლობისტად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, მიღებიდან 3 დღის ვადაში ეცნობება ლობისტს და წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ლობისტის მიერ ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.“. 3. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დავალებით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიულ აქტებზე) ან ნორმატიული აქტის პროექტზე (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტებზე) წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.“; ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცესში სამართალდარღვევის ჩადენა იმ წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრის/მოხელის ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის მიმართ, რომელშიც პირი ახორციელებს ლობისტურ საქმიანობას, აგრეთვე ამ ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პირს ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოერთმევა იმ თანამდებობის პირის (ორგანოს) გადაწყვეტილებით, რომელმაც მოახდინა მისი ლობისტად რეგისტრაცია. ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის ჩამორთმევის შესახებ ეცნობება წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს და პირს, რომელსაც იგი ჩამოერთვა.“. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლობისტს უფლება აქვს შევიდეს და გადაადგილდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში, ამ ორგანოს საჯარო მოსამსახურეთათვის დაწესებული რეჟიმის (სპეციალურის გარდა) ფარგლებში.“. 5. მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ლობისტს უფლება აქვს დაესწროს აღმასრულებელ ორგანოში ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურებში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის ღია განხილვას, რომლის ჩატარების დროს და ადგილს შესაბამისი ორგანოს ან სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელი აცნობებს ლობისტს განხილვამდე არა უგვიანეს 2 დღით ადრე, ამ კანონის მე5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე. აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის ღია განხილვის დროს ლობისტს ამ ორგანოს ან სტრუქტურის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება მიენიჭოს რეგლამენტირებული სიტყვის უფლება. 7. ლობისტს უფლება აქვს, შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს, აღმასრულებელ ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილობით წარუდგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტის თაობაზე. ისინი უნდა დაერთოს ნორმატიული აქტის პროექტს.“. 6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ინფორმაციის მიღების უფლება ლობისტს უფლება აქვს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში, აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავალებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით არსებულ ოფიციალურ მასალებს, აგრეთვე, დადგენილი წესით, გადაიღოს მათი ასლები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ლობისტური საქმიანობის საჯაროობა ლობისტური საქმიანობა საჯაროა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს გაეცნოს წარმომადგენლობით ორგანოში, აღმასრულებელ ორგანოში ან საქართველოს პრეზიდენტთან ლობისტის მიერ წარდგენილ საბუთებს და ანგარიშებს, გადაიღოს მათი ასლები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“ შეცვლა. ვინაიდან, კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეთა უფლება, რომელიც რეალიზდება მუნიციპალიტეტებში. სწორედ მუნიციპალიტეტებს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ჰყავთ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ამასთან, კანონის მიზნებისათვის „აღმასრულებელი ორგანო“ განმარტებულია, როგორც „საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო“, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ვინაიდან, კონსტიტუციის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო არის საქართველოს მთავრობა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, საქართველოს პრეზიდენტი კი უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს პრეზიდენტის ფუნქციები გამიჯნულია და არ კვეთს ერთმანეთს, შესაბამისად, მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება და „აღმასრულებელი ორგანო“ განიმარტოს როგორც „საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე საქართველოს პრეზიდენტზეც, ამიტომ მიზანშეწონილია შესაბამის მუხლებში განხორციელდეს ცვლილება და აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებთან ერთად მიეთითოს ასევე საქართველოს პრეზიდენტიც, ვინაიდან ლობისტური საქმიანობის მიზანი შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნორმატიული აქტის მიღება ან მისი ცვლილება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ჩანაცვლდება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, კანონის მიზნებისთვის „აღმასრულებელი ორგანო“ განიმარტება, როგორც „საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო“, ხოლო შესაბამის ნორმებში განხორციელდება ცვლილება და აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებთან ერთად მიეთითება ასევე საქართველოს პრეზიდენტიც, ვინაიდან ლობისტური საქმიანობის მიზანი შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნორმატიული აქტის მიღება ან მასში ცვლილების განხორციელება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.