„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეს კანონი განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციებს წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის სფეროში.“. 2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“. 3. მე-9 მუხლისმე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ზედაპირული წყლის ის ობიექტები, რომელთა წყლის ფონდის მიწები განლაგებულია საქართველოს ორი ან მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;“; 4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში, მუნიციპალიტეტები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფენ: ა) წყალმომარაგებისა (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებას, მათ შორის: ა.ა) წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ა.ბ) სასმელი წყლის წყაროების სანიტარული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცება; ბ) მოსახლეობისათის წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობას.“. 5. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წყლის დაცვის ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან − მათი კომპეტენციიდან გამომდინარე.“; 6. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ წიაღისეულის ძიებისა და შესწავლის, სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოების, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს გაიხსნა მიწისქვეშა წყლის შემცველი ჰორიზონტი, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია, დადგენილი წესით დროულად მიიღოს ზომები მიწისქვეშა წყლის დასაცავად და დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ სამინისტროს.“. 7. 21-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებს სამინისტრო.“. 9. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყით სარგებლობას აკონტროლებენ სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებები. ისინი უფლებამოსილი არიან, შეაჩერონ ან აკრძალონ ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე.“. 10. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ წყლის ობიექტებით სარგებლობას და მათ დაცვას, ვალდებული არიან, სამინისტროსთან შეთანხმებით ან მისი მითითებით გაატარონ წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები.“. 11. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. წყალდიდობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა დაფინანსება წყალდიდობის პროგნოზირების, შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოები დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებით.“. 12. 40-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საერთო წყალსარგებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, თევზის დასაცავად და სხვა თვალსაზრისით. ამ მიზნით სამინისტრო, შესაბამისი დაწესებულებისა და მუნიციპალიტეტის წარდგინებით განსაზღვრავს ადგილებს, სადაც აკრძალულია ბანაობა, ნავით სეირნობა, წყლის სასმელად და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის აღება, პირუტყვის დარწყულება, თევზჭერა და სხვა საქმიანობა.“. 13. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 14. 55-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების კომპეტენციების განსაზღვრა წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების რეგულირების სფეროში.“. 15. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოსუნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მომზადების მიზანია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს მუნიციპალიტეტის ორგანოები. შესაბამისად, კანონის ნორმებიდან ამოღებულ უნდა იქნეს ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „თვითმმართველი ერთეული“ და ჩანაცვლდეს ტერმინით „მუნიციპალიტეტები“, ხოლო ტერმინი „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია“ ჩანაცვლდება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“. კოდექსი, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნებს წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას და ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები არ ყოფილა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. შესაბამისად, კოდექსიდან ხდება ადგილობრივი მნიშვნელობის წყალთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ამოღება, რაც აისახება კანონის პროექტშიც, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების ამოღებით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელშიც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებად, კოდექსიდან გამომდინარე, განისაზღვრა წყალმომარაგებისა (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის პროექტი ნერგავს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპებს და წყლის რესურსების მართვას ითვალისწინებს სააუზო მართვის პრინციპის საფუძველზე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული წყლის ობიექტიც განიხილება, როგორც აუზის ნაწილი. იმის გათვალისწინებით, რომ წყლის რესურსები წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის, ადამიანის, ცხოველთა სამყაროს და მცენარეული საფარის არსებობისათვის აუცილებელ ბუნებრივ რესურსს, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტის - წყლის დაცვას. წყლის რესურსების დაცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონიდან ამ სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები ამოღებულ იქნეს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტები“, ხოლო ტერმინი „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორია“ ჩანაცვლდება ტერმინით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“. ამასთან, დაზუსტდება და ერთმანეთისგან გაიმიჯნება წყლის რესურსების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები და დადგინდება, რომ მუნიციპალიტეტები საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში განახორციელებენ წყალმომარაგებისა (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. ასევე, პროექტის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან „დ“ ქვეპუნქტის ამოღებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ წყლის რესურსები წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის, ადამიანის, ცხოველთა სამყაროს და მცენარეული საფარის არსებობისათვის აუცილებელ ბუნებრივ რესურსს, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტის - წყლის დაცვას. წყლის რესურსების დაცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონიდან ამ სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები ამოღებულ იქნეს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონმდებლობის შესაბამისად სწორდება მუნიციპალიტეტების კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში, შესაბამისად დამატებით ხარჯების გამოყოფას/გამოთავისუფლებას არ გამოწვევს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.