„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.მე-3 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება: ა) საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვან სამრეწველო და კულტურულ ცენტრებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ ცენტრებთან და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე მათი შემოსავლელები და მათთან მისასვლელები საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებიდან; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციული ცენტრების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების, საქართველოს მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები; გ) საქართველოს დედაქალაქთან, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან აეროპორტებისა და ნავსადგომების დამაკავშირებელი გზები;“. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ამავე მუნიციპალიტეტის დასახლებებთან დამაკავშირებელი გზები; ბ) დასახლებები საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გზები, რომლებიც არ მიეკუთვნება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და საუწყებო საავტომობილო გზებს; დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტების, დასვენებისა და ტურიზმის ადგილების, სპორტული კომპლექსების, ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან (რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობენ აღნიშნული ობიექტები) დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე უახლოეს რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან, საზღვაო ნავსადგომებთან მისასვლელები საერთშორისო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიდან.“; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან მუნიციპალიტეტის ორგანოები. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 3 წელიწადში ერთხელ.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დასახლებების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისათვის − შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს ადმინისტრაციული შენობები, ფოსტა ან დასახლების ცენტრში განლაგებული სახელმწიფო, მუნიციპალური და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობანი;“. 3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენცია ადგილობრივი საგზაო მეურნეობის რეგულირებაში ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობაშია: ა) ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების საგზაო მეურნეობის ხელმძღვანელობა და მისი მართვის წესის დადგენა; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და აღრიცხვის ორგანიზაცია; გ) ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა.“. 4. მე-16 მუხლის „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) გზების ბლოკირება, საკონტროლო და შესამოწმებელი პუნქტების მოწყობა, დემონსტრაციების, სპორტული შეჯიბრებების, სხვა მასობრივ ღონისძიებათა მოწყობა, რომლებიც ცვლის მოძრაობის დადგენილ რეჟიმს, ასევე გზაზე ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა საამისოდ დაუდგენელ ადგილებში მუნიციპალიტეტების ორგანოების, საგზაო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის ნებართვის გარეშე;“. 5. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საუწყებო საავტომობილო გზებზე – ამ გზების მფლობელები.“. 6. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები, რომლებიც განკარგავენ მათი გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საავტომობილო გზებს, ვალდებული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ყველაფერი იღონონ გზის სავალი ნაწილიდან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ან ტვირთის გასატანად, ტექნიკური დახმარების გასაწევად ან გამაფრთხილებელი ნიშნების დასადგმელად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის მე-16 მუხლი, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვას და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომის/გაჩერების წესების რეგულირებას. მართალია, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილია საავტომობილო გზების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების პროცესუალური ნაწილი, თუმცა კანონპროექტის მიზანია ტერმინოლოგიური თვალსაზრისით კანონის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს რაიონის ცნებას. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი და არა რაიონი. შესაბამისად, მიზანშეწონილია, „რაიონი“ ჩანაცვლდეს „მუნიციპალიტეტით“. ამასთან, კოდექსის თანახმად, თვითმმართველ თემს აქვს ადმინისტრაციული ცენტრი, თვითმმართველი ქალაქი კი შედგება ადმინისტრაციული ერთეულებისგან. კანონის მოქმედ რედაქციაში ნახსენებია ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქები, თუმცა ავტონომიურ რესპუბლიკებს დედაქალაქები არ აქვთ. ხოლო, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ბათუმი, შესაბამისად, ცვლილების პროექტის შესაბამისად, კანონიდან ამოღებულ იქნება ტერმინი „ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქები“ და იგი ჩანაცვლდება ტერმინით „ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციული ცენტრები“. გარდა ამისა, ტერმინი, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ შეიცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, ვინაიდან კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, ჰყავს არჩევითი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები) და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინი „ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქები“ ჩანაცვლდება ტერმინით „ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციული ცენტრები“. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსი არ იცნობს „რაიონის“ ცნებას, აღნიშნული ტერმინი ჩანაცვლდება „მუნიციპალიტეტით“. კანონის კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ აგრეთვე შეიცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტი“, ვინაიდან კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს მინიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.