„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.“; ბ) 21 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე. 22. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე. 3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. 4. მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით. 41. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, გარდა დაჩქარებული მომსახურებისა, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი. 5. სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. 51. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე დაადგინოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა. 6. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. 7. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 8. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.“. 3. 61 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 4. 121 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წარმოქმნიან ნარჩენებს.“. 5. 131 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ან/და მასზე დარიცხული საურავის გადახდას, მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნით.“; ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, გარდა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.“. 6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ერთი თვის ვადაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონის კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ და „თვითმმართველი ერთეული“ საჭიროებს ცვლილებას და ისინი უნდა ჩანაცვლდეს ტერმინებით - „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, „მუნიციპალიტეტის ორგანო“, და „მუნიციპალიტეტი“, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობა არის უფლება, რომელიც რეალიზდება მუნიციპალიტეტებში. სწორედ მუნიციპალიტეტებს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ჰყავთ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვთ საკუთარი ქონება, ბიუჯეტი და შემოსულობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ და „თვითმმართველი ერთეული“ ჩანაცვლდება ტერმინებით „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, „მუნიციპალიტეტის ორგანო“, და „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, გადახდევინების უზრუნველყოფაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი,, ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურსა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.