„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნა;“. 2. მე-9 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში“. 3. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ: ა) გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზებას; დ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი; ვ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილებას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ზ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარებას ეპიდსაშიშროებისას; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობას; ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება, არის მუნიციპალიტეტებისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. 3. მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა, განისაზღვრება შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მომზადების მიზანია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება ემსახურება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას. კოდექსის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეა დელეგირებული უფლებამოსილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილება არის სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადაეცა კანონის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფით. მოქმედი კანონის შესაბამისად, კანონით მუნიციპალიტეტს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში განსაზღვრული ჰქონდა დელეგირებული უფლებამოსილებები. თუმცა კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, კანონში არ იყო განსაზღვრული ის სამინისტრო, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას გაუწევდა. საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია. კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. უფლებამოსილებების დელეგირება ხდება სწორედ მუნიციპალიტეტებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი გახდა კანონის კოდექსთან და საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კანონში „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“ შეიცვალა ტერმინით „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“. ამასთან, კანონის პროექტით განისაზღვრა, რომ კანონის ძირითადი პრინციპია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნა. კანონის პროექტში განისაზღვრა ის სამინისტროები, რომელებიც დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას გაუწევს, კერძოდ, გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარების უფლებამოსილებაზე, იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დარგობრივ ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო კანონის 36-ე მუხლში განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებზე დარგობრივ ზედამხდველობას განახორციელებს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამასთან, დაზუსტდა, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა, განისაზღვრება შესაბამისი წლის საქართველოს წლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან, ვინაიდან ხდება ტერმინოლოგიური თვალსაზრისით საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობაში მოყვანა, რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პროექტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების კომპეტენციას, ისედაც დელეგირებულია. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ხდება ტერმინოლოგიური თვალსაზრისით საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობაში მოყვანა, რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პროექტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების კომპეტენციას, ისედაც დელეგირებულია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.