„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1112, 14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. 4. მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით), რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს: ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან; გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას; დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.“; ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კანონით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.“. 2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.“. 3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებანი რეკლამის სფეროში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები ან მის მიერ უფლებამოსილი პირი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი.“. 4. 21-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მიმართონ განცხადებით მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების სასამართლოში შეტანა არ აჩერებს მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილების შესრულებას, თუ სასამართლომ არ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, ტერმინების, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“ ტერმინებით, „მუნიციპალიტეტი“ და „მუნიციპალიტეტის ორგანო“ შეცვლა, ვინაიდან კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ჰყავს მუნიციპალიტეტის ორგანოები. ამასთან, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის გამცემად კანონში ქალაქ თბილისში განსაზღვრულია ქალაქ თბილისის მერია. ამ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მერია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებულ დაწესებულებას, ხოლო ნებართვის გაცემა არის აღმასრულებელი ფუნქცია. შესაბამისად, მიზანშეწონილია დაზუსტდეს, რომ აღმასრულებელ ფუნქციას, ნებართვის გაცემას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინები „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“ იცვლება ტერინით - „მუნიციპალიტეტი“ და „მუნიციპალიტეტის ორგანო“, ასევე ტერმინი „საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიებზე“ იცვლება ტერმინით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან“. ამასთან, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის გამცემად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან, ვინაიდან რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევის გამოვლენისათვის და მისთვის კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება ხორციელდებოდა და განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნულ უფლებამოსილებას განახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული პირი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის უფლებამოსილების ნაწილში ჩანაწერი შესაბამისობაში მოდის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. კოდექსით დღეს რეკლამის რეგულირების საკითხი მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებაა, რასაც ახორციელებს როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, ასევე სხვა მუნიციპალიტეტები. შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელება არ გამოიწვევს მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით ხარჯებს ადამიანური რესურსისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთვის გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში. რაც შეეხება ტერმინს „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი“, აქ იგულისხმება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რისი შესაძლებლობაც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლის თანახმად ისედაც გააჩნია და ახალი არ არის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.