„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.96, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში 1. სახელმწიფო არის ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტი არ ერევა ბიბლიოთეკების პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საბიბლიოთეკო სფეროში სტანდარტებს და ნორმატივებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წინადადებით (შემდგომ - ეროვნული ბიბლიოთეკა) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ - სამინისტრო). 3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომ - ეროვნული ბიბლიოთეკა), შეიმუშავებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების პროგრამებს, ატარებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების სხვა ღონისძიებებს. 4. ეროვნული ბიბლიოთეკა, საბიბლიოთეკო სფეროს განვითარების მიზნით ახორციელებს: ა) საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციული საქმიანობის ორგანიზებას; ბ) წინადადებების შემუშავებას საბიბლიოთეკო სტანდარტებისა და ნორმატივების თაობაზე; გ) საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას; დ) ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს; ე) დადგენილი ნუსხის მიხედვით ბიბლიოთეკებისათვის გამოყოფილი უფასო სავალდებულო ცალების მიღებას; ვ) ბიბლიოთეკების მატერიალურ სტიმულირებას და მხარდაჭერას, რომლებიც მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიან; ზ) კადრების მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას; თ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობას; ი) საბიბლიოთეკო საქმის ინფორმაციულ სრულყოფას.“. 2. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია. გამონაკლისია იმ უწყების ბიბლიოთეკა, რომლის საქმიანობა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასთანაა დაკავშირებული. მუხლი 6. საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“. 3. მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/ზემდგომ ორგანოს წარადგინოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების დასაბუთებული პროგრამა;“. 4. მე-10 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკებთან საბიბლიოთეკო რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) გაითვალისწინოს ეროვნული ბიბლიოთეკის რეკომენდაციები.“. 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს ეროვნულ ბიბლიოთეკას, მუნიციპალიტეტის, საუწყებო და კერძო ბიბლიოთეკის ქსელს. სისტემაში შედის: ეროვნული, სამეცნიერო (უნივერსალური და დარგობრივი), სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი, საბავშვო, სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები.“. 7. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 14. კერძო ბიბლიოთეკის ფუნქციონირების გარანტიები 1. გარანტირებულია კერძ ბიბლიოთეკის საქმიანობის თავისუფლება, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. 2. კერძო ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს საბიბლიოთეკო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში. 3. კერძო და საჯარო ბიბლიოთეკების ერთობლივი საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.“. 9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ბიბლიოგრაფიულ-ინფორმაციული საბიბლიოთეკო ცენტრი 1. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები თავიანთ სამომსახურეო ტერიტორიაზე წარმოადგენენ ინფორმაციის ცენტრებს, რომლებიც ახდენენ დოკუმენტების შერჩევით შეგროვებასა და ინფორმირებას. 2. საქართველოში გამოცემული ყველა ნორმატიული ხასიათისა და საბიბლიოთეკო დოკუმენტის თავმოყრის, სრულად ასახვისა და ინფორმირების ფუნქციები ეკისრება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.“. 10. 19-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. მისი ფუნქციებია: ა) საბიბლიოთეკო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო-მეთოდური ხელშეწყობა; ბ) საერთაშორისო საბიბლიოთეკო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების უზრუნველყოფა. გ) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების; დ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება; ე) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი; ვ) ბიბლიოთეკების რეესტრის წარმოება; ზ) ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრირებული ბიბლიოთეკების დახმარების და განვითარების პროგრამების განხორციელება.“. 11. 21 - ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ორგანოების როლი საბიბლიოთეკო საქმიანობის მართვაში 1. მუნიციპალიტეტის მართვაში/საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საბიბლიოთეკო ქსელის ორგანიზება მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური პირობების, მოსახლეობის რაოდენობის, მისი განსახლებისა და საინფორმაციო მოთხოვნების შესაბამისად.“. 12. 22 - ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის მართვაში/საკუთრებაში არსებული მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავს (ათავისუფლებს), მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავს (ათავისუფლებს) მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებთან შეთანხმებით.“. 13. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ბიბლიოთეკის დამფუძნებელთა მიერ შეტანილი თანხები, საქველმოქმედო შემოწირულობანი, აგრეთვე კანონით ნებადართული სხვა შემოსავალი.“. 14. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამების დაფინანსების წყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.“. 15. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ბიბლიოთეკების რეესტრი 1. ბიბლიოთეკების რეესტრს აწარმოებს ეროვნული ბიბლიოთეკა. 2. ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და მასში შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა (განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). 3. ბიბლიოთეკის რეესტრში რეგისტრაციის წესს და პირობებს ადგენს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. 4. რეგისტრაციაზე უარს განიხილავს სასამართლო.“. 16. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდირებული ბიბლიოთეკის ქონების გადაცემის საკითხს, წყვეტს დამფუძნებელი. 3. აკრძალულია სახელმწიფო ბიბლიოთეკის პრივატიზაცია.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს მუნიციპლიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების უძრავი ქონების და საბიბლიოთეკო ფონდის საკუთრებაში გადაცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზანია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება ემსახურება „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, კერძოდ, კანონში არსებული ტერმინის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ტერმინით „მუნიციპალიტეტი“ შეცვლა. ასევე, მუნიციპალიტეტის კანონით განსაზღვრული ფუნქციები შესაბამისობაში მოვა კოდექსით განსაზღვრულ ფუნქციებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის თანახმად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ შეიცვლება ტერმინით „მუნიციპალიტეტი“. ასევე, განხორციელდება მუნიციპალიტეტებისთვის საბიბლიოთეკო საქმის სფეროში მინიჭებული უფლებამოსილებების შესაბამისობაში მოყვანა კოდექსის შესაბამის მუხლებთან. კანონპროექტით რეგულირდება ასევე საბიბლიოთეკო საქმის სფეროში სტანდარტებისა და ინსტრუქციების გამოცემისა და მომზადების კომპეტენციების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისსამინისტროს მიერ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით განხორციელების საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ იცვლება ტერმინით, „მუნიციპალიტეტი“, რითიც კანონი შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ამასთან, კანონის პროექტით განისაზღვრება ეროვნული ბიბლიოთეკის როლი საბიბლიოთეკო საქმეში, მისი კომპეტენციები და უფლებამოსილებები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილებები გადაეცემა ეროვულ ბიბლიოთეკას, რომლის როლიც განსაკუთრებულია საბიბლიოთეკო საქმეში. სახელმწიფო სახით საბიბლიოთეკო სფეროში უფლებამოსილებებს განახორციელებს ეროვნული ბიბლიოთეკა. კანონის პროექტის შესაბამისად, განისაზღვრება საბიბლიოთეკო სფეროში მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები. კანონის პროექტის შესაბამისად, იმიჯნება სახელმწიფოს, წარმოდგენილი ეროვნული ბიბლიოთეკის სახით და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები. ამასთან, ზუსტდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები მათ მართვაში არსებული ბიბლიოთეკების მიმართ. იმ გარემოების, გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტების მართვაში არსებობს ბიბლიოთეკების გარკვეული რაოდენობა, კანონის პროექტი ითვალისწინებს მე-2 მუხლს, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს მუნიციპლიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების უძრავი ქონების და საბიბლიოთეკო ფონდის საკუთრებაში გადაცემა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან მუნიციპალიტეტის როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის ნაწილში ძველი ჩანაწერია და სწორდება უფლებამოსილების შესაბამისად. დღეს ისედაც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი თავის დაფუძნებულ ბიბლიოთეკებს აფინანსებდა. შესაბამისად ფინანსური თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.