„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.02.2020
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-24
ბიუროს ნომერი 330

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნა − მშვიდობიანობის პერიოდში მიმდინარე ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის, აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სამობილიზაციო რესურსებისა და რეზერვების შექმნას საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნისათვის და სახელმწიფოს და მოსახლეობის გადაუდებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის;“. 2. მე-4 მუხლის: ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მუშაობის რეჟიმის განსაზღვრა და მათი მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ; გ) აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მობილიზაციის რეჟიმზე გადასაყვან ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ო) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, მუნიციპალიტეტებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში რეზერვისტთა დაჯავშნა მობილიზაციის დროს მოქმედ ეკონომიკის შესაბამისი დარგის ობიექტებზე სამუშაოდ;“. 3. მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებანი მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში“. 4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები 1. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებში მოცემული უფლებამოსილებების შესრულების გარდა: ა) ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სამობილიზაციო მომზადებასა და საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს ამ კანონის, აგრეთვე სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების შესრულებას; გ) ამუშავებს ადგილობრივ სამუშაო გეგმებს; დ) ახორციელებს ეკონომიკის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებებს; ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან შეთანხმებით ახორციელებს ღონისძიებებს სამობილიზაციო გეგმების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) საწარმოებთან დებს ხელშეკრულებებს პროდუქციის მიწოდების, სამუშაოების შესრულების, ძალებისა და საშუალებათა გამოყოფის შესახებ და სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურების გაწევაზე; ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გამოძახებას, მოქალაქეებისათვის შეტყობინებას და მათ შემკრებ პუნქტებში გამოცხადებას, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებათა, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შ ესაბამისად; თ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებს წარუდგენენ წინადადებებს სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის განხორციელების სრულყოფის საკითხებზე. 2. მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის, მოქალაქეთათვის შეტყობინების გაგზავნის და მათ შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების უზრუნველყოფა ხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედო სამსახურის შესახებ“ და „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებები წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებას. 4. საომარი მდგომარეობის დროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.“. 5. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სამხედრო ძალების მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირები პერსონალურად არიან პასუხისმგებელი მობილიზაციისას და მობილიზაციისათვის მზადყოფნისას მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის.“. 6. მე-12 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, მუნიციპალიტეტები, სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ სამობილიზაციო დავალებები (დაკვეთები) ან დასახული აქვთ სამობილიზაციო სამუშაოების ჩატარების ამოცანები, სამობილიზაციო ღონისძიებების ქმედუნარიანობის ამაღლების მიზნით თავიანთ სტრუქტურაში ქმნიან სამობილიზაციო ორგანოებს. 2. სამობილიზაციო ორგანოების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამის ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს თანამდებობის პირს, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შესაბამის ხელმძღვანელებს.“; ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუნიციპალიტეტებში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;“. 7. მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შექმნილ სამობილიზაციო რეზერვების შემადგენლობაში არსებულ სახელმწიფო საავტომობილო, საჯარისო ტიპის ავტოკოლონებზე, რკინიგზის, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო, მილსადენი, საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტის საშუალებაზე, მოტოციკლებზე, სარეწ და სპეციალურ გემებზე, ტრაქტორებზე, მისაბმელებსა და ნახევარმისაბმელებზე, საგზაო-სამშენებლო და ამწესატრანსპორტო მანქანებსა და მექანიზმებზე, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრე მოქალაქეებზე (შემდგომი ანაზღაურების პირობით). სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნავსადგურებზე, ნავმისადგომებზე, აეროპორტებზე, ნავთობბაზებზე, საწვავის გადასატუმბ ბაზებზე, ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციებსა და სატრანსპორტო საშუალებათა მუშაობის უზრუნველმყოფ სხვა ორგანიზაციებზე. 3. საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა ამოღება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, სახელმწიფო საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან ხორციელდება უსასყიდლოდ, ხოლო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან – შემდგომი სათანადო ანაზღაურებით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად შედგენილი პრეისკურანტისა და ცვეთის ფასდაკლების გათვალისწინებით და გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.“. 8. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადგილობრივი მნიშვნელობის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებები ფინანსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით, შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. შესაბამისად, კანონპროექტის მომზადების მიზეზია აღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კოდექსთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონის კოდექსთან შესაბამისობის მიზნით, ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ და „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ შეიცვლება ტერმინებით „მუნიციპალიტეტები“ ან „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები“ და „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მუნიციპალიტეტი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შესაბამისად, მუნიციპალიტეტს აქვს უფლებამოსილებები, ხოლო მისი ორგანოები უზრუნველყოფენ ამ უფლებამოსილებების შესრულებას. იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურსა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევისას, შესაბამისი ღონისძიებების ადგილობრივ დონეზე გატარება უფრო ეფექტიანია, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სახელმწიფოს გარკვეული უფლებამოსილებები, დელეგირებული უფლებამოსილებების სახით გადაეცა მუნიციპალიტეტებს. კანონი ადგენს მუნიციპალიტეტის ფართო უფლებამოსილებებს მობილიზაციის პროცესშიც, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილებების გასახორციელებლად საჭიროა შესაბამისი ადამინაური და მატერიალური რესურსი. იმის გათვალისწინებით, რომ მობილიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არსებითად ფართოა, მიზანშეწონილია მოხდეს კოდექსით დადგენილი წესით, ამ უფლებამოსილებათა მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირება. ამასთან, უნდა განისაზღვროს ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც განახორციელებს დარგობრივ ზედამხედველობას მუნიციპალიტეტების მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა შესრულებაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, შესაბამის ნორმებში ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ იცვლება ტერმინით - „მუნიციპალიტეტები“ ან „მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო“. ხოლო ტერმინი „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ - „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით“. ამასთან, დადგინდება, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის, მოქალაქეთათვის შეტყობინების გაგზავნის და მათ შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების უზრუნველყოფა განხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ხოლო, კანონით მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული უფლებამოსილებები განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებად. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ კი დადგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - საგანგებო მდგომარეობის დროს, ხოლო თავდაცვის სამინისტრო საომარი მდგომარეობის დროს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ განიხილება დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან მუნიციპალიტეტების მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის, მოქალაქეთათვის შეტყობინების გაგზავნის და მათ შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში გამოცხადების უზრუნველყოფის ნაწილში უფლებამოსილება უკვე დელეგირებულია, პროექტით ხდება დაზუსტება და მითითება აღნიშნული უფლებამოსილებების როგორც დელეგირებული უფლებამოსილებების თაობაზე. შესაბამისად, ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით ხდება ამ უფლებამოსილებისთვის ხარჯების გათვალისწინება. ასევე, დელეგირებული უფლებამოსილების ნაწილში დარგობრივი ზედამხედველობა არ გამოიწვევს დამატებით ფინანსური რესურსების საჭიროებას, ვინაიდან სამინისტროები არსებული რესურსით ახორციელებენ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.